ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბაიდენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
ბაიდენის თქმით, სხდომაზე აშშ-მა დეტალურად წარადგინა სრული ხასიათი იმ საფრთხისა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთისგან ემუქრება.
"თუ რუსეთი გულწრფელად განიხილავს უსაფრთხოების საკითხების გადაჭრას დიალოგის გზით, აშშ და ჩვენი მოკავშირეები ასევე გულწრფელად ჩაერთვებიან, მაგრამ, თუ ამის მაგივრად, რუსეთი აირჩევს დიპლომატიის გზიდან გადახვევას და შეიჭრება უკრაინაში, რუსეთს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და ის დადგება სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე.
აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები აგრძელებენ ყველა სცენარისთვის მზადებას. მსოფლიომ კარგად უნდა დაინახოს ქმედებები, რომლითაც რუსეთი იმუქრება და მოვემზადოთ, რომ ვუპასუხოთ რისკებს, რომლის წინაშეც, რუსეთის ქმედებები, ჩვენ, ყველას გვაყენებს.
დღევანდელი უშიშროების საბჭოს შეხვედრა კრიტიკული გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ მსოფლიომ ერთხმად თქვას: ძალის გამოყენებაზე უარი, მოწოდება სამხედრო დეესკალაციისკენ, დიპლომატიის, როგორც წინსვლისთვის საუკეთესო გზის მხარდაჭერა და მოთხოვნა ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, რომ თავი შეიკავონ მეზობლების მიმართ სამხედრო აგრესიისგან", - განაცხადა ბაიდენმა.
***
რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.
26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს.
რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს.